ბიოგრაფია
ლიზი ბუდაღაშვილი (დ.2000) ქართველი მხატვარია. დაიბადა და გაიზარდა თბილისში, თუმცა ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს. სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ფლორიდის შტატში მიიღო, მაგისტრატურა კი ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში დაამთავრა. გამართული აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა თბილისში, ვენაში და სომხეთში. მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებსა და ხელოვნების ბაზრობებზე; ორგზის მიიღო Elizabeth Greenshields Foundation გრანტი. (2019, 2020). მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები ხშირად სამშობლოდან შორს ცხოვრების გამოცდილებებს ეყრდნობა და ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გამოწვეული ტკბილი ნოსტალგიის აღბეჭდვასთან ერთად წარსულთან გაუცხოვების ფენომენს იკვლევს.
არტისტის მოხსენება
ჩემი ნამუშევრები ეფემერული და ბუნდოვანი მომენტების გაცოცხლებით ბავშვობის, მოგონებებისა და ნოსტალგიის თემატიკას ეხება და იმ მარტივი, უდარდელი დროის მონატრებას ასახავს. სიზმრისეულ პეიზაჟებს ხშირად მოგონებებში არსებული ნაპრალებიდან ვიღებ და გამჭვირვალე საღებავის ფენებისა და ლაქების მეშვეობით გადმოვცემ შორეული მოგონებების გაფერმკრთალებისა და გამოგონილ ამბებთან შერწყმის პროცესს.
დამთვალიერებელს ვუქმნი სივრცეს, ეწვიოს ნუგეშისმომცემ, თუმცა ამავდროულად აჩრდილივით თანმდევ ნოსტალგიას, რომელიც ნამდვილი ადგილიდან კი არა, მოგონებების ლაქებითა და წამიერი შთაბეჭდილებებით გამოგონილი სამშობლოს სურათიდან მოდის.
ამ მოტივებზე ღრმა გავლენა იქონია ჩემმა საქართველოდან ჩვიდმეტი წლის ასაკში წასვლამ. რამდენიმე “სამშობლოს” ქონის, თუმცა ამავდროულად ბოლომდე ვერსად დავანების გამოცდილება ჩემს ნამუშევრებში გამოისახება მაგიური ფოლკლორული არსებების და სიზმრისეული სამყაროს მეშვეობით. ეს სიმბოლოები შლის საზღვარს შორეულ მოგონებებსა და სინამდვილეს შორის; ამცირებს მანძილს სახლსა და საზღვარგარეთს, წარსულსა და აწმყოს, სიზმარსა და ყოველდღიურობას შორის.
განათლება
2023 - 2025 – სახვითი ხელოვნების მაგისტრატურა (ფერწერის მიმართულება), ნიუ-იორკის სახელოვნებო აკადემია, ნიუ-იორკი, აშშ
2019 – 2023 – სახვითი ხელოვნების ბაკალავრიატი (ხელოვნებისა და დიზაინის ბიზნესის მაინორით) რინგლინგის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი, სარასოტა, ფლორიდა, აშშ